Monday, November 26, 2012


საბედისწერო არჩევანი

პ რ ო ე ქ ტ ი

  პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები გაიაზრებენ, თუ რამ მოიტანა ,,ამწამიერი პრაქტიციზმი“ ქართულ რეალისტურ მწერლობაში. გაითავისებენ იმ ეპოქას, რომელმაც განაპირობა ქართული მწერლობის მსოფლხედვის, პრობლემატიკისა და მხატვრულ–ესთეტიკური პრინციპების ამდაგვარი ჩამოყალიბება. გააცნობიერებენ, რომ რთულმა წინააღმდეგობრივმა ეპოქამ წარმოშვა ახალ ღირებულებათა და ფასეულობათა სისტემა, რომლებმაც, ბუნებრივია, ასახვა ჰპოვა  იმდროინდელ ლიტერატურაში.

     მიზნები: ეპოქისათვის დამახასიათებელი კულტურულ–ისტორიული, პოლიტიკურ–ეკონომიკური კონტექსტის ზოგადი გააზრება. ეპოქის სოციალურ–საზოგადოებრივი პრობლემატიკის აღქმა–გათავისება, რათა უკეთ  გააანალიზონ, რატომ გაუჭირდა ქვეყანას XIX ს–ის 60–იანი წლების რეფორმების ჩატარების შემდეგ კაპიტალისტური ცხოვრების წესისათვის ალღოს აღება, რატომ გაღატაკდა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და ამ ყველაფერმა როგორ შეუწყო ხელი ქვეყანაში მარქსისტულ–ლენინური უტოპიური მსოფლმხედველობის გამარჯვებას.
    ყოველივე ამის გაცნობიერება მნიშვნელოვანია არა მარტო XX ს–ის ქართული ლიტერატურის შესასწავლად, არამედ ქვეყნის დღევანდელობასთან პარალელის გასავლებად და საკუთარი თავის შესაცნობად.
 მონაწილეთა ასაკი: 17–18 წელი (XIIკლასი).

 ხანგრძლივობა:7–8 დღე (8–15 ოქტომბერი, 2012 წელი).

პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას: კვლევა–რეფერატი ,,საბედისწერო არჩევანი“.

ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი, ინტერნეტი; სხვადასხვა კრიტიკული და ისტორიული ლიტერატურა; სახელმძღვანელო; სამუშაო ინვენტარი.

პროექტის მსვლელობა: 1.პროექტის მიზნების გააანალიზება; 2. ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა ლიტერატურასა და ინტერნეტსივრცეში; 3. მოძიებული მასალის დახარისხება–დალაგება; 4. თემის გადამუშავება; 5. მასალის საპრეზენტაციოდ გამზადება.

საგანთან / ე.ს.გ.–სთან კავშირი: XII.1არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები...);
·       დამაჯერებლად პასუხობს პროექტის შესახებ დასმულ კითხვებს;

XII.2 მსჯელობს, რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა;

XII.5 განიხილავს კონკრეტული ეპოქისათვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და აფასებს, არა მხოლოდ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში, არამედ თანამედროვე პოზიციიდანაც;
 XII.6 ადარებს ერთმანეთს ძველსა და თანამედროვე ფასეულობებს;
XII.7 შერჩეული წყაროებიდან ამოკრებს საკითხებს, რომლებსაც არსებითად უნდა დაეყრდნოს სასწავლო რეფერატი.

ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ასმათ ჩიტორელიძე.