Monday, July 2, 2012




როექტი––ექსკურსია ყაზბეგში


 პროექტის აქტუალობა: საქართველოში  ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს, შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.
       ამასთანავე,  საჭიროა,  მოზარდი სასკოლო ცხოვრებაში მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით  არ იყოს ჩართული, ამისათვის კი მისი კლასგარეშე ცხოვრება, მისი თვალსაწიერისა და თუნდაც შეხედულება–გემოვნების განვითარებისათვის, მეტად მნიშვნელოვანია. ერთ–ერთი კლასგარეშე ღონისძიებაა ექსკურსია.
        ჩვენ ექსკურსიის მოწყობა შემეცნებისა და ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით გადავწყვიტეთ. მოსწავლე–მასწავლებელმა (ანუ მე–დამრიგებელმა) წლის ბოლოს  ერთად დავილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ ყაზბეგში, ორდღიან ექსკურსიაზე წასვლა. ეს ექსკურსია თავისთავად ითვალისწინებდა ლაშქრობასაც (ლომისსა და გერგეტზე), შემეცნებით კი –– მოსწავლე უამრავ რამეს შეიმეცნებდა; მარტო ილია II–ის ეზოში გავლა  და მისი კარ–მიდამოს ნახვა რად ღირდა...
         ექსკურსიის მოწყობა გადავწყვიტეთ პარალელ კლასთან ერთად, რომ კლასები  ერთმანეთს უკეთ გაცნობოდნენ. სანახაობრივად თვალწარმტაცი და ღმერთთან მიახლოებული  გარემო მათ საერთო აღტაცებასა და დამეგობრებას შეუწყობდა ხელს.
        ვთვლი, რომ მოზარდს სწორედ ასეთი აქტივობები და ასეთი გარემოს ნახვა–დათვალიერება ჩამოუყალიბებს გონებრივ, შემეცნებითსა და ფიზიკურ უნარ–ჩვევებს,  დაუმკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ  ლიბერალურ და დემოკრატიულ  ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება–მოვალეობების გაცნობიერებაში; ქვეყნის ინტერესებისა და ტრადიციების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებაში.
       
 პროექტის მიზნები: ექსკურსია დაეხმარება  მოსწავლეებს ინდივიდებსა და ჯგუფებთან  კომუნიკაციაში; განუვითარებს საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევებს; მათ ჩამოუყალიბებს  ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთშემეცნების  ჩვევებს, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.
        
 მონაწილეთა ასაკი: 17–18 წელი, XIკლასის მოსწავლეები.
         
პროექტის მიმდინარეობის ვადები/ ხანგრძლივობა: 17 მაისიდან 10 ივნისამდე. ექსკურსია–– 9–10 ივნისი 2012 წელი.
       
 პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას: სურათები, რომლებსაც გადაიღებენ  მოსწავლეები. ასევე ის განუმეორებელი განცდები, რომლებიც გაუჩნდებათ იმ საოცრების ნახვისას  და ექსტრემალურ სიტუაციაში შეძენილი უნარები, რომლებიც აუცილებლად გაუჩნდებათ ლომისისა და გერგეტის დალაშქვრისას.
         
პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: თანხა (ექსკურსიის ორგანიზებისათვის), ტრანსპორტი, სურსათი, ფოტოაპარატი, ადამიანური რესურსები (მასწავლებლები,  რომლებიც ჩვენთან ერთად წამოვლენ ექსკურსიაზე).
          
პროექტის მსვლელობა: 1. 17–18 მაისი –– დისკუსია–მსჯელობა კლასში და შემდეგ პარალელური კლასის მოსწავლეებთან, თუ სად წავიდნენ (საბოლოოდ გადაწყდა ყაზბეგი).
2. 19–22 მაისი ––  საქმის ორგანიზატორის არჩევა (ჩემი კლასიდან თემურ და ალეკო სირაძეები და მათი მშობლები: თანხის მობილიზებისა და ტრანსპორტისათვის).
3.  22–28 მაისი –– ტრანსპორტის მოძიება. ინტერნეტში მასალის დათვალიერება –– თუ რისი ნახვა შეიძლება ყაზბეგში.
4. 28 მაისი –5 ივნისი –– თანხის მობილიზება და გეგმის შედგენა (რა უნდა ვნახოთ და რა თანმიმდევრობით).
5.  9–10 ივნისი –– ორდღიანი ექსკურსია ყაზბეგში.
        
საგანთან /ე.ს.გ.–სთან კავშირი:
 XI.10 მოცემული თემის შესახებ მოიძიებს, აფასებს და შეარჩევს შესაბამის წყაროებს;  
ეფექტურად გამოიყენებს კომპიუტერულ საძიებო სისტემებსა და პროგრამებს ინფორმაციის მოსაპოვებლად;
 XI.14 შექმნის სამოქმედო გეგმას;
 XI.9 აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტსა და გარემოსთან (ფილმი ,,ხევისბერი გოჩა“).
         
პროექტისათვის საჭირო თანხა: 30 ლარი (თითოეულ მოსწავლეზე, ტრანსპორტისათვის), 10–15 ლარი (ღამისთევის– ბინის, სანთლების, ხატებისა და ასე შემდეგ) –– დააფინანსეს მშობლებმა.
         
პროექტის ხელმძღვანელი: XIკლასის დამრიგებელი ასმათ ჩიტორელიძე.