https://edu.aris.ge/news/teqnologiebis-epoqashi-safosto-mtredit-dagzavnili-baratebi.html
ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს
შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი,
თავისუფალი პიროვნების აღსაზრდელად. ამ ახალ საგანმანათლებლო მოთხოვნებზე მოსარგებად
მოსწავლეებში საჭიროა სხვადასხვა უნარის: კრიტიკული აზროვნების,
პრობლემის გაანალიზება-გადაჭრისა და შემოქმედებითობის, ანუ კრეატიულობის განვითარება,
რაც მათ მისცემს საჭირო ცოდნას; დაეხმარება ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე
საკუთარი უფლება–მოვალეობების გაცნობიერებასა და ,,XXI საუკუნის უნარ–ჩვევების“ მქონე ახალგაზრდად ჩამოყალიბებაში.
ახალმა გამოწვევებმა მასწავლებლებში
ახლებური მიდგომების საჭიროება დააყენა. ეს მიდგომები მასწავლებელთაგან შემოქმედებით
ხედვას, პრობლემის მოგვარებაზე დაფუძნებული
სწავლების ეფექტურობასა და მრავალ სხვა საჭირო სტრატეგიას მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია, პედაგოგი თავად გახდეს მკვლევარი,
გაითავისოს XXI საუკუნის გამოწვევები
და დასახოს შესაბამისი გზები სწავლა-სწავლების ხარისხის თანამედროვე მოთხოვნებზე მოსარგებად.
პედაგოგმა მოსწავლეებს უნდა აჩვენოს გზა, რომ ისინი თავად ჩასწვდნენ ამა თუ იმ ლოკალური თუ
გლობალური პრობლემის არსს, რომლებიც დღესდღეობითაა აქტუალური, რათა განსაზღვრონ ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ
საკუთარი პასუხისმგებლობა და იქცნენ ღირსეულ ადამიანებად.
თუ მოსწავლეს ვასწავლით როგორ შეხედოს კრიტიკულად პრობლემას, როგორ გააანალიზოს
და შეაფასოს მის წინაშე არსებული გამოწვევები და
როგორ მიუდგეს შემოქმედებითად ამა თუ იმ საკითხს, მაშინ ცხოვრებაშიც სწორ გზას,
საკუთარი ,,მე“–ს, ადვილად იპოვის; ბოლომდე ჩასწვდება ადამიანობის არსს; დევიზად ექცევა სათნოება,
სიყვარული, სითბო, მეგობრობა, პატივისცემა, დათმობა, გაგება, თავმდაბლობა, სიკეთე...
სამყაროს სიყვარული გადაარჩენს!–– სწორედ ამ
აზრით უნდა აღვზრდოთ თაობები, რათა თავიანთ თავში სრულფასოვანი
ადამიანი აღმოაჩინონ, ––სწორედ ეს არის ვაჟას
მოთხრობის ,,კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“ თემატიკა და ჩემი გაკვეთილის
თითოეული აქტივობაც მოცემულ მიზანს ემსახურებოდა, რათა მოსწავლეებს ამოეცნოთ
ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მთავარი გზავნილი და გაეანალიზებინათ იგი. როდესაც გაკვეთილი
დავიწყე სქემა ,,მზით“ და მასში ჩავწერე სიტყვა ,,ადამიანობა“ (რათა დაესახელებინათ, რა ასოციაციას იწვევდა ეს სიტყვა მათში), მეშვიდეკლასელმა
მოსწავლეებმა სწორედ ეს სიტყვები (სათნოება, სიყვარული,..) დამისახელეს. ხოლო კითხვაზე,
როგორი ეპითეტებით ,,ამკობს“ კლდე ადამიანებს და საზოგადოებაში რომელი თვისებები ბატონობს,
სრულიად კონტრასტული სურათი მივიღეთ: ფარისევლობა,
პირმოთნეობა, დაუნდობლობა, სისასტიკე, უმეცრება, უზრდელობა, შური, ცილისწამება... და
ამის მთავარი მიზეზი რაა? რომ კაცმა ცხოვრების
გზად ცოდვა აირჩია, ცოდვამ აავსო ქვეყანა,
ადამიანმა დაკარგა სიყვარული, რომელიც ,,აღგვამაღლებს“.
კითხვაზე: რატომ სცოდავს ადამიანი? თითქოს პასუხი
ერთია: იმიტომ, რომ ,,არ უყვარს მოყვასი“, ის ადამიანია თავისი პლუსებითა და მინუსებით,
თეთრითა და შავით... ამიტომაა საჭირო მოსწავლეებს ნათლად დავანახოთ ორივე მხარე კაცისა,
რათა მიხვდეს მათ შორის განსხვავებას, არ მოუნდეს სიბნელე, ნათელი ირჩიოს. ბოროტების
ტყვეობიდან ადამის შვილს მხოლოდ სიყვარული დაიხსნის, ხშირად უნდა შეახსენონ, ასწავლონ,
ნებისმიერი სასკოლო თემიდან გააგონონ ვაჟას -- ,,მთის ლაღი არწივის“, მთავარი გზავნილი:
,,გიყვარდეთ!..“ ვაჟა ,,სხვა ფერით" მხედველი თვალით ცდილობს ქართველის
გამოფხიზლებას; იცის, რომ მათ მუდამ
უნდა უმეორო სიტყვები: ,,გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!“ –– ეფექტური შედეგის
მისაღწევად მწერალმა უჩვეულო ხერხს მიმართა და ეს სიტყვები კლდეს ათქმევინა, ,,ბოღმა–ნაღველით
შედედებულ, უდაბურ“ კლდეს, ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლოს. კლასიკოსი მწერალი იმედოვნებს, რომ ეს მოწოდება
ანდერძად გადაეცემა მომავალს, რათა შემდეგ
საუკუნეებსაც გადასწვდეს მისი ,,ბუბუნა“
ხმა.
ეს ხმა ჩემმა მოსწავლეებმა ,,ადვილად“ გაიგონეს,
მათი ხალასი, ნათელი სული და გონება ამისათვის
მზად იყო, რადგან ისინი ახლა იწყებენ პიროვნებად ჩამოყალიბებასა და საზოგადოებაში ადგილის
დამკვიდრებას, და სწორედაც რომ დროა, მათი საჭირო მიმართულებით განვითარებას კიდევ
მეტად მიექცეს ყურადღება. მათ სწორად დაუკავშირეს ვაჟას მოწოდებას და სწორად ახსნეს
იოანე მახარებლის ეპისტოლეში (წერილში) მოცემული შემდეგი სიტყვებიც: ,,საყვარელნო,
გვიყვარდეს ერთმანეთი; ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს,
ღმრთისაგან შობილია, და იცნობს ღმერთს“.
ვაჟას
მოწოდება რომ უფრო ღრმად გამჯდარიყო მოსწავლეთა
სულსა და გულში და მოყვასის სიყვარულის მნიშვნელობას მეტად ჩასწვდომოდნენ, გოდერძი
ჩოხელის სიტყვებიც წავიკითხეთ: ,,კაცნო, გიყვარდეთ ერთმანეთი!“––მე მგონი ამ სამი სიტყვით
ყველაფერი ნათქვამია, თანაც, როცა ამას კლდე ამბობს, უთქმელი, უენპირო. რატომღაც წარმოიდგენ,
რომ ეს კლდე უყურებდა, როგორ მოკლა კაენმა აბელი; როგორ ესროლეს ილიას ტყვია და აგერ,
ახლახან, როგორ ჭრიდნენ აფხაზეთში ქართველებს
თავებს...
ქართველებო,
გიყვარდეთ ერთმანეთი! ამას მე, ერთი თქვენგანი, ერთი თქვენნაირი ქართველი გეუბნებით,
კი არ გეუბნებით, გთხოვთ!
კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა, მე კი ათასჯერ ვიტყვი და გთხოვთ
ამას!!!“
ამის შემდეგ
მოსწავლეებს საკლასო დავალებად მივეცი –– მათაც
მოუწოდონ ადამიანებს ადამიანობისაკენ: ,,ჩემი გზავნილი ადამიანებს“ –– ბარათი–მოწოდება უნდა დაეწერათ, ამ ბარათებს კი საფოსტო მტრედი
(ვირტუალურად) ,,დააგზავნიდა“ ყველგან. ისინი დაწერდნენ ,,ფერად“ ბარათებს და პრეზენტაციის
შემდეგ ჩააწყობდნენ ჩემ მიერ გაკეთებულ კონვერტებში. ამ კონვერტებს კი შემდეგ საფოსტო
მტრედი ,,დაურიგებდა“ ყველას. ყველა ,,გაიგონებდა“ მათ ხმასა და ,,მიიღებდა“ მეშვიდეკლასელი
მოსწავლეების ბარათებს.
აი,
რამდენიმე ამონარიდი წერილებიდან, რომლებიც მათ დაწერეს:
,,გიყვარდეთ,
კაცნო, ერთმანეთი!“––ეს ის სიტყვებია, რომლებიც არასოდეს უნდა დავივიწყოთ...
სიტყვით ნუ მივესალმებით
ერთმანეთს, საქმით კი ნუ დავღუპავთ. ამაში კარგი არაფერია. ღმერთმა ადამიანი იმისათვის
არ შექმნა, რომ ერთმანეთი გაანადგურონ, არამედ იმისათვის, რათა დაიცვან ერთმანეთი...“
,,მეც იმავეს გეტყვით: ,,გიყვარდეთ, კაცნო,
ერთმანეთი!.. თუ ამ სიტყვებს გავიაზრებთ, მივხვდებით,
როგორი უნდა ვიყოთ: ერთგული, მტკიცე, ღირსეული, დავეხმაროთ ერთმანეთს და ნუ გავუთხრით
მოყვასს საფლავს ზურგს უკან. ჩვენი ადამიანობით გავუკაფოთ გზა ცოდვილს. ვიყოთ ღირსეული
ღმერთის წინაშე და არა –– ცოდვილნი“.
,,ადამიანებო, გიყვარდეთ ერთმანეთი! მართალია,
ამ წინადადებაში მხოლოდ სამი სიტყვაა, მაგრამ
დიდი აზრია ჩადებული. იგი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს!“
,,ადამიანებო, გაიხსენეთ ზოგიერთი ანდაზა;
სიყვარულმა ცხრა ძმას ერთი თხილის გული გააყოფინა. სწორედ ასე უნდა მოექცეთ თქვენც
ნაცნობსა და უცხოს...“
,,ადამიანი დასაბამიდან ამოუცნობი და უკიდეგანოა.
რამდენი კაციცაა ამ ცოდვა–მადლით სავსე მიწაზე, იმდენი აზრი ტრიალებს. მადლი ნიჭია
და ცოდვაა ის, ვინც სიკეთის კეთების გარეშე ცხოვრობს, რადგან არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება,
როცა შეგიძლია, სხვა გააბედნიერო. ადამის ძენო, ისედაც ,,ერთი წუთი“ ცხოვრობთ. ბევრი
ნათელი რამაა, რაც მთავარია სიცოცხლეში, ამისათვის კი თქვენს გულში მხოლოდ ერთი სიტყვა
უნდა იყოს: ,,გიყვარდეთ!“
მათ თავად განსაზღვრეს კაცობრიობისათვის მეტად
აქტუალური პრობლემა, ჩასწვდნენ მის არსსა და გამოეხმაურნენ. ეცადნენ მსმენელზე ეფექტის მოხდენასა
და მათ ამ პრობლემის აქტუალობაში დარწმუნებას. თავად მოძებნეს პრობლემიდან გამოსავალი და შესთავაზეს საზოგადოებას.
მათი არგუმენტაცია იყო დამაჯერებელი და საინტერესო საზოგადოებისათვის.
მოსწავლეებმა
ასევე გაიხსენეს ადამიანობის პრობლემაზე შესწავლილი სხვა ნაწარმოებებიც, რომლებშიც
აქცენტირებულია, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი (მაგ.: ილიას ,,კაცია–ადამიანი?!“–– ზოგადად
ადამიანობის, როგორც ფუნქციის ხაზგასმა; ვაჟას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“––ადამიანის
დაუნდობლობისა და სისასტიკის ჩვენება; სულხან–საბას ,,კაცი და გველი“––ადამიანის სიხარბის
პრობლემა და ა.შ.).
საკითხი ნამდვილად სცდება საკლასო გარემოს,
გაკვეთილის დროით ჩარჩოებსა და საგაკვეთილო პარამეტრებს, რადგან მოსწავლეთა მიერ გაანალიზებული ეს პრობლემა, სამწუხაროდ, არც ერთი,
არც რამდენიმე გაკვეთილით დაიძლევა და, რაოდენ
პესიმისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, მუდმივად აქტუალური იქნება ჩვენს თემატიკაში, რადგან
იგი პირდაპირ ეხება რეალურ, მნიშვნელოვან და, შეიძლება ითქვას, გლობალურ პრობლემასაც
–– ნდობისა და სიყვარულის ნაკლებობას საზოგადოებაში. ეს გაკვეთილი
ასევე გულისხმობს საკლასო ოთახს მიღმა მიღებული ახალი ცოდნისა და მიგნების გატანას, სხვებისათვის
გაზიარებასა და კონსტრუირება–კოლაბორაციას. მათ მრავალი უნარი სჭირდებათ
იმისათვის, რომ ამ საკითხს ყოველთვის მიაქციონ ყურადღება და ეს ნიშნავს, რომ ისინი
ამისათვის იმუშავებენ საკუთარ თავზეც.
ის პატარა ბარათებიც არ დარჩება მხოლოდ ვირტუალური
სივრცის საკუთრება, რადგან თითოეული მოსწავლის გულიდან ეს სიტყვები სამყარომ უკვე გაიგონა.
თითოეული
ბავშვი ხომ ფერადოვანი ტილოა, რომელშიც მთელი სამყაროა განფენილი. თითოეულ ამ ,,სამყაროს" სჯერა ჩვენი და ისწრაფვის
(ჩვენი დახმარებით), ამქვეყნად თავისი კვალი დატოვოს. სწორედ სწრაფვაშია ცხოვრების
აზრიც. სწრაფვა აქცევს ჩვეულებრივ ადამიანს არაჩვეულებრივად, ისეთებად, რომლებმაც ეპოქა
შექმნეს და ქმნიან დღესაც... რომელთაც თავიანთი კვალი წარუშლელად დაატყვეს კაცობრიობის
ისტორიის ფურცლებს.
,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს, საცნობლად თავისადაო"...-– სწავლა კი მიზანს
შობს, ,,დიადსა და ნათელს"... ხოლო წარმატების
მიღწევასა და ადამიანად ქცევას მიზანი სჭირდება!
სიცოცხლის
აზრს ილია მოძრაობაში ხედავდა, ქვეყნისა და
ერისათვის სასარგებლო ბრძოლაში.
ჩვენი
მიზანიც სწორედ აქტიური, ჰუმანური საზოგადოების
აღზრდაა, რათა მზიანი და ნათელი სამშობლო გვქონდეს, რომ მომავალი ქართველი საუნჯესავით ესათუთოს ქართულ მიწაში ჩაღვრილი სისხლისა თუ ცრემლის ყოველ წვეთს და წარსული დააფასოს, რათა სიყვარულით სავსე ნათელი მომავალი
ამ ტანჯვაგამოვლილ, თუმცა დიდებულ წარსულზე ააღორძინოს...
მე ყველაფერს
ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ჩემი აღზრდილის სული მუდამ ნათელი იყოს, მასში მოყვასისადმი
სიყვარული გაღვივდეს, აენთოს, ოღონდ კოცონად კი არა, მზედ გადაიქცეს, მოელვარე,
მაცოცხლებელ მნათობად და მომავალი საქართველო
თავისი სიყვარულით გაათბოს!
გამოყენებული ლიტერატურა:
ილია ჭავჭავაძე; რჩეული წერილები
–– თავი მეოთხე;
- ქართული ენა და ლიტერატურა,
VII კლასი, (ავტორები: ვ. როდონაია;
ა.არაბული...)
გამომცემლობა ,,სწავლანი“––ვაჟა–ფშაველა
,,კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“;
- http://premieri.ghn.ge/com/news/view/895 გოდერძი ჩოხელის სიტყვები;
- ამონარიდები მოსწავლეთა
გზავნილებიდან;
- ძველი ქართული ენა
და ლიტერატურა (ავტორები: ნ. მუზაშვილი; ნ. ჩუბინიძე) გამომცემლობა ,,დიოგენე“––
დავით გურამიშვილი ,,დავითიანი“.
No comments:
Post a Comment