Thursday, January 31, 2019

ჩემი სტატია -- წარსულის კვალდაკვალ -- მომავლისაკენ

http://www.etaloni.ge/geo/main/index/19306

       მსოფლიოს საგანმანათლებლო სისტემა უკვე დამოკიდებული გახდა საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. იგი შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურობაში და ,,კოსმოსური სიჩქარით“ ვითარდება. ეს განვითარება კი იმას ნიშნავს, რომ დღევანდელობისათვის ფეხის ასაწყობად  XXI საუკუნის მასწავლებელი ,,ციფრული“ უნდა გახდეს, ანუ ეს სისტემა უნდა დანერგოს სასწავლო პრაქტიკაში, რათა ბავშვს გამოუმუშავდეს უნარი იმისა, რომ ინტერნეტსივრცის განუსაზღვრელი შესაძლებლობები მიზანმიმართულად გამოიყენოს.
        სწორედაც დღევანდელმა გამოწვევებმა დამაგეგმინა საინფორმაციო-შემოქმედებითი პროექტი ,,ვირტუალური მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში“. თვითონ პროექტი ხომ გუნდური სამუშაოა, კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად მიმართული მრავალფეროვანი აქტივობა, რომლის დროსაც ერთდროულად ვითარდება კვლევითი, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარები.  თანაც გუნდურობის პრინციპით მუშაობის მთავარი პლუსი, შეიძლება ითქვას, ისაა, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია ჩართვა იმ კუთხით, რომელიც მისთვის უფრო საინტერესოა და იცის. სწორედ ესაა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც.  
        სასარგებლოსა და საინტერესოს თუ გაამთლიანებს მასწავლებელი, მოსწავლისათვის სწავლა უკვე სახალისოც გახდება. ქართველისათვის კი იმაზე მეტად სასარგებლო რა უნდა იყოს, რომ იცოდეს საკუთარი მდიდარი წარსულის უიშვიათესი ნიმუში -- ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“; ჩაუღრმავდეს მიზანსა და მისიას იმ ღირსეული მამულიშვილისა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ერთიან ქართულ სახელმწიფოს... თუმცა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღეს ხანძთელის მიერ ,,ქალაქყოფილი უდაბნოს“ რეალურად  ნახვა არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული.
      ამიტომ ჩავთვალე, რომ მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებითა და თანამედროვე გამოწვევებისათვის ფეხის ასაწყობად ისტორიის უძველესი ფურცლებისა და დღევანდელი ტექნოლოგიების ერთ იდეაში გამთლიანება მშვენიერი საშუალება იქნებოდა  წარსულის კვალდაკვალ მომავლისაკენ, ტექნოლოგიური ეპოქისაკენ, გეზის ასაღებად...
      ,,სწავლა კეთებით“ -- ჯონ დიუის განათლების კონცეფციის ძირითადი პოსტულატია, რომ, ერთი მხრივ, განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას და არა ფაქტების დამახსოვრებას; მეორე მხრივ, კი საუკეთესოა გამოცდილებითა და სოციალური ინტერაქციით. განათლების დიუის სქემით სწავლის ეტაპებია პრობლემის აღმოჩენა -- ჩვენს შემთხვევაში ეს იყო სურვილი წარსულის ნაკვალევზე სიარულისა; პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება -- ტექნოლოგიური შესაძლებლობების ეპოქაში ვირტუალურად ,,მოგზაურობა“ ტაო-კლარჯეთში. როდესაც შევთავაზე იდეა, ბავშვებმა იგი აღფრთოვანებით მიიღეს.  დავხვეწეთ მიმართულებებიც და განვსაზღვრეთ, ვის რომელი კუთხით უნდა ემუშავა. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ მხრივ ისინი სრულიად თავისუფლები იყვნენ.
         ისევ დიუის მოვიშველიებ და ვიტყვი,  მაქსიმალური თავისუფლება მოსწავლეს მაქსიმალური თვითრეალიზებისა და შეცნობის საშუალებას აძლევს. მაგრამ ეს თავისუფლება აუცილებლად სპეციალურად ორგანიზებულ გარემოში პოვებს პრაქტიკას.  ამიტომ სწორად უნდა დამეგეგმა აქტივობები, რათა ეს ყველაფერი თითოეულის შესაძლებლობაზე სრულად ყოფილიყო მორგებული; სოციალური პროგრესის ძირითადი მექანიზმი, განათლება, -- მათთვის სოციალურ ადაპტაციად ქცეულიყო, რათა ამ პროექტში საკუთარი როლი კარგად მიეღოთ. ტექნოლოგიები და მოსწავლეთა აღძრული ინტერესი ტაო-კლარჯეთისადმი ამის საშუალებას ნამდვილად მაძლევდა.
        მიზნები განვსაზღვრეთ შემდეგნაირად: წინასწარ შეაგროვებდნენ მასალას გრიგოლ ხანძთელისა და ტაო–კლარჯეთის –– ისტორიული წარსულისა თუ დღევანდელი რეალობის  შესახებ; დაახარისხებდნენ მოძიებულ ინფორმაციას, შექმნიდნენ (დაამონტაჟებდნენ) ფილმს ,,ვირტუალური მოგზაურობა ტაო–კლარჯეთში“; ბოლოს კი იმსჯელებდნენ და შეაფასებდნენ საკუთარ პროდუქტს.
საფეხურები  შემდეგნაირად გაიწერა:
  1. იდეის მიწოდება და მოსწავლეთა მზაობის შეფასება;
  2. დავალებების დანაწილება;
  3. მასალის მოძიება–დახარისხება;
  4. მასალის მიწოდება ოპერატორისათვის;
  5. ფილმის შექმნა;
  6. ფილმის ჩვენება –პრეზენტაცია;
  7. მსჯელობა-შეფასება.
      ეს იყო სიახლე, რომელმაც ისინი გამოიწვია და მათი ცნობისმოყვარეობა საბოლოოდ ცოდნისმოყვარეობაში გადაზარდა. პროექტის მსვლელობის პროცესში მონიტორინგს ვატარებდი მუდმივად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ არ სჭირდებოდათ განსაკუთრებული ინსტრუქცია, რა და როგორ გაეკეთებინათ, პირიქით, მათი მიგნებები მაოცებდა კიდევაც. მოსწავლეების იდეები ამოუწურავი იყო, თანაც ყველა საჭირო და პროექტის მსვლელობის პროცესში გამოსაყენებელი.
        ნებისმიერი აქტივობა იყო მოსწავლეთა დამოუკიდებელი სვლა მომავლისაკენ, წარსულის ნაკვალევზე ჩამოყალიბებული მომავალი გაბედული ნაბიჯები, რომლებსაც ისინი სიამაყით დგამდნენ, რადგან აცნობიერებდნენ საკუთარ ძლიერ მხარეებს, რომლებითაც საჭირონი და მნიშვნელოვანნი იყვნენ სოციუმისათვის -- ამ შემთხვევაში მასწავლებლისა და თანაკლასელებისათვის. მათ თვითონვე გაინაწილეს დავალებები.  მოსწავლეები ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, დაუზარებლად ეცნობოდნენ სხვადასხვა ვიდეორგოლს ტაოზე; არაერთჯერ მიუბრუნდნენ წიგნს და არაერთჯერ შევაჯერეთ სახელმძღვანელოში მოცემული, ინტერნეტში განთავსებული და ვიდეორგოლებში გადატანილი ინფორმაცია. ბოლო, მასალის გამთლიანების, ეტაპზე ისინი უკვე კონკრეტულად ასაბუთებდნენ, რომელი ეპიზოდი რომლის შემდეგ უნდა ჩაესვათ საკუთარ ფილმში, ანდა საჭიროების შემთხვევაში (დროის ზუსტად განსასაზღვრავად) რომლის შემცირება შეიძლებოდა და როგორ. ყველას თანაბრად ჰქონდა აზრის გამოხატვის საშუალება და მსჯელობისას გასაოცარ პატივისცემას იჩენდნენ ერთმანეთის აზრისადმი; ისინი ერთგვარი მოტივატორები იყვნენ ერთმანეთისა თუ საკუთარი იდეისა. მე კი ფასილიტატორის როლში სრულიად თავისუფლად ვაკვირდებოდი მათ და მათთან ერთად ვიზიარებდი თითოეულ მოსაზრებას, ამავდროულად, ვაწვდიდი შესაბამის უკუკავშირს. ახალმა ტექნოლოგიებმა მათ შეუქმნა ის კომფორტი, რომელიც თუნდაც ამ დიდებული ნაწარმოების სწავლებისას ვერ იქმნება, რადგან მოსწავლეების ნაწილს მაინც თრგუნავს თუნდაც ტექსტის გააზრების სირთულე.
         პროექტზე მუშაობაში კი არ იკვეთებოდა სუსტი და ძლიერი, აქ ჩანდა მხოლოდ ის, ვინ რას აკეთებდა, რა უნდოდა გაეკეთებინა, და როგორ აჯობებდა საბოლოოდ --  როგორ წაადგებოდა დაწყებულ საქმეს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მათ უხაროდათ გაკვეთილების შემდეგ დარჩენა, რადგან ყველას ჰქონდა ,,თავის მოსაწონებელი“ მასწავლებელთან. მე გაოცებული ვუსმენდი ამა თუ იმ  საკითხზე ისეთი მოსწავლეების მსჯელობას, რომლებსაც ფაქტობრივად სწავლის ინტერესიც არ ჰქონდათ ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში. მუშაობა მიმდინარეობდა ერთსულოვნად, ინტერესს ამჟღავნებდა ყველა, ისინი გუნდურად იყვნენ ჩართულნი საქმიანობაში. მათთვის კრეატივი იყო ფილმის შექმნა. ცდილობდნენ, მეტი ინფორმაცია დაემუშავებინათ, რათა ამოერჩიათ ,,უფრო მნიშვნელოვანი“, გადაეგზავნათ ოპერატორისათვის და რაც შეიძლება საინტერესო  გამოსულიყო ფილმი. ფილმის ,,მემონტაჟე–ოპერატორის“ შეფასებით ყველაზე ღირებული და საინტერესო მასალა მიაწოდა მოსწავლემ, რომელსაც სწავლა დიდად არ უყვარს. ეს დავალება კი გასაოცარი ენთუზიაზმით შეასრულა.
       თითოეულმა აქტივობამ მოსწავლეებს განუმტკიცა ურთიერთპატივისცემისა და თავისუფალი თვითგამოხატვის უნარები; მსვლელობის პროცესში წამოჭრილ პრობლემებს ისინი ერთობლივად, მსჯელობითა და ურთიერთშეთანხმებით უმკლავდებოდნენ. მათ არაერთი პრობლემა ,,შეხვდათ“ ამ შემოქმედებით გზაზე:  ფილმისათვის განკუთვნილი დროის რეგლამენტი (მათ თავიდანვე განვუსაზღვრე, რომ ფილმი 45 წუთიანი უნდა ყოფილიყო); ინტენეტსივრცეში განთავსებული ერთნაირი ინფორმაციები და მათი სანდოობა-შესაბამისობა ტექსტთან;.. წიგნთან არაერთხელ მიბრუნებით კი ის ასპექტები, რომლებიც გაკვეთილზე მათთვის ან სირთულის, ანდა ,,ბავშვური“ სიზარმაცის გამო ბუნდოვანი დარჩა, მაქსიმალურად ნათელი გახდა შემდეგ.
      პროექტი სულ სამი კვირა გაგრძელდა. განსაკუთრებული იყო დღე, როდესაც მათ მიერ დამონტაჟებული ფილმი ვნახეთ. ისინი საოცარი ინტერესითა და სიამაყის შეგრძნებით  უყურებდნენ მას. ჩემთვის კი, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პროცესის ყველა ნიუანსი ცნობილი იყო, ფილმი მაინც სასიამოვნოდ აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა. ჩვენ მართლაც ერთად ,,ვიმოგზაურეთ“ ტაო-კლარჯეთში.
       ვიდეოფილმის შეფასებისას მოსწავლეთა საუბარში, პირველ ყოვლისა, იგრძნობოდა უდიდესი მოწიწება, რომელიც საკუთარი ქვეყნის წარსულის შეგრძნებამ გაუჩინა. მათ გულისტკივილი გამოთქვეს ძეგლების ამჟამინდელ სავალალო მდგომარეობაზე. განსაკუთრებით შეძრათ ოპიზისადმი გამოჩენილმა ადამიანთა დაუდევრობამ... –– ამ ფაქტს ყველა შეეხო მსჯელობისას.  
        რაც შეეხება მუშაობის პროცესს, აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო სახალისო და საინტერესო.
        ამ პროექტმა მოსწავლეებს ასწავლა  საჭირო ინფორმაციის მოძიება–მოპოვება–გამოყენება. გაცილებით მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხების გამოყოფა–დახარისხება. ფაქტებს შორის მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენა. მოვლენების შეფასება. გუნდური მუშაობა––შესაძლებლობისამებრ დავალებების განაწილება და კლასის ყველა მოსწავლის  სრული ჩართულობა.
       მე კი ამ განსხვავებულ სამყაროში სხვანაირად დავინახე თითოეული მოსწავლე, მათი ინდივიდუალური შესაძლებლობები და ცხოვრებისეული ინტერესები. ხოლო, როდესაც მასწავლებელი იცნობს საკუთარი მოსწავლეების  სამყაროს, მოძებნის გზას ამ სამყაროში შესაღწევად, რათა იქიდან ჩაკეტილი ბავშვი გამოიყვანოს და ცხოვრების ასპარეზზე გასასვლელად ფრთები მისცეს. ,,იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა“, -- ,,მასწავლებლის ათი მცნების“ ბოლო პუნქტი ასე ჟღერს.  ხვალინდელი დღე კი, პირველ ყოვლისა, წარსულზე უნდა დავაშენოთ, ჩვენს საამაყო წარსულზე, შემდეგ დღევანდელ მოთხოვნებს უნდა ავუწყოთ ფეხი და, ბოლოს, გავითვალისწინოთ სამომავლო ტექნოლოგიური პროგრესი, რომელსაც ცხოვრების ასპარეზზე გასული მოსწავლე მომზადებული უნდა შეხვდეს. მათი მზაობა კი პირდაპირ უკავშირდება მასწავლებელსა და მის დღევანდელ გამოწვევებს სწავლა-სწავლების პროცესში. ყველამ ვიცით, რომ მომავალი სკოლაში ყალიბდება და მასწავლებელია ამ მომავლის გარანტიც. როგორც ვხედავთ, მისია დიდია და პასუხისმგებლობა — უსაზღვრო.

გამოყენებული ლიტერატურა:
  1. ბოლქვაძე დ. ,,განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ https://edu.aris.ge/news/ganatleba-da-tanamedrove-teqnologiebi.html  წყარო: mastsavlebeli.ge;
  2. გონაშვილი რ. ,,პროექტებით სწავლება და პროექტების სახეობები“ -- http://mastsavlebeli.ge/?p=1844;
  3. მეტრეველი ს. ,,5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა“ -- https://sputnik-georgia.com/columnists/20171005/237607727/maswavleblis-10-mcneba.html;
  4. მუზაშვილი ნ.  X კლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“.

2 comments:

  1. სტატიის წაკითხვის დროს მეც ,,მანდ" ვიყავი. წარმატებებით წინ მომავლისაკენ...

    ReplyDelete